როგორ არ დავინფიცირდეთ კორონავირუსით

როგორ არ დავინფიცირდეთ კორონავირუსით? იაპონელი ექსპერტების შვიდი მნიშვნელოვანი რჩევა

სტატიის ავტორი – საიტო კაცუჰისა

ჯანდაცვის მუშაკთა ორგანიზაციამ „ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების სტრატეგიული საბჭო 2020“, 10 თებერვალს, ტოკიოში პრეს-კონფერენცია გამართა. ამ ღონისძიებაზე ექსპერტებმა საზოგადოებას ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისგან თავის აცილების შვიდი მნიშვნელოვანი რჩევა გააცნეს.

საყოფაცხოვრებო ჩვევების შეძენა და ქცევის წესის შეცვლა

ახალი კორონავირუსის ეპიდემია, რომელიც პირველად ვუჰანში გამოჩნდა და COVID-19 ეწოდა, საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – ვირუსის შესახებ, რომელსაც პნევმონიის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოწვევა შეუძლია, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა. ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეგიდით „ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების სტრატეგიულმა საბჭო 2020“-მა  მოქალაქეთათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდების და აუცილებელი უნარების შეძენისათვის რჩევების მიცემის მიზნით, 10 თებერვალს, ტოკიოში პრეს-კონფერენცია გამართა. საბჭოს წევრებმა შვიდი სასწრაფო რჩევა შეიმუშავეს, რომელთა გამოყენება ყოველდღიურობაშია შესაძლებელი.

  1. ინფორმირებულობის დონის შენარჩუნება:

მასმედიაში შეტყობინებების და ინფორმაციის უზარმაზარმა რაოდენობამ შესაძლოა კორონავირუსის საფრთხის შესახებ არასწორი ან გადამეტებული რეაქცია გამოიწვიოს. მეორეს მხრივ, ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი პირიქით, ინფექციური დაავადებებისადმი არანაირ ინტერესს არ გამოხატავს. მნიშვნელოვანია, ვაცნობიერებდეთ, რომ ვირუსს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეუძლია გაჩნდეს და აუცილებელია სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი მოქმედებებისათვის მზადყოფნა.

  1. ვირუსებზე და ბაქტერიებზე ინფორმაციის მიღება:

ვირუსები და ბაქტერიები ინფექციურობის დონით, სიმპტომებით, გადაცემის გზებით და სიკვდილიანობის დონით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. კორონავირუსის მსგავსად, იმ ვირუსების გავრცელების თავიდან აცილება, რომელთა ვაქცინაც ჯერ არ არსებობს, გადაცემის გზების იზოლაციითაა შესაძლებელი; ანუ თავიდან აცილებული უნდა იქნას ვირუსის ორგანიზმში მოხვედრა და ინფიცირებული ადამიანის მიერ ამ ვირუსის გავრცელება ჰაერწვეთოვანი ან ფიზიკური კონტაქტის გზით.

  1. იმ ყოველდღიური ჩვევების ათვისება, რომლებიც ინფექციის გავრცელებას უშლიან ხელს:

ინფიცირების თავიდან აცილების ძირითად პრინციპებს ხელების სწორი დაბანა, ასევე ხველების და ცემინების დროს ეტიკეტის დაცვა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ხელების დაბანის საშუალება, აუცილებელია სპირტშემადგენელი ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცების გამოყენება. მეორე ეფექტურ გზას იმ ზედაპირების სტერილიზაცია წარმოადგენს, რომლებსაც შესაძლოა ადამიანების დიდი რაოდენობა ეხებოდეს. ასევე ეფექტურია – იმუნიტეტის გამაძლიერებელი (მაგ.: ბუტირის მჟავა და რძემჟავა ბაქტერიებით მდიდარი) პროდუქტების მოხმარება და პირის ღრუს შესაბამისი მოვლა წარმოადგენს.

  1. უახლეს ტექნოლოგიებზე ინფორმაციის მიღება:

ცოტა ხნის წინ ვირუსის თავიდან აცილების ახალი ტექნოლოგიები გამოჩნდა; ბაქტერიების და ვირუსების სპირტიანი საშუალებებით განადგურებას მხოლოდ დროებითი ეფექტი გააჩნია, მაგრამ უკვე შემუშავებულია ახალი სადეზინფექციო საშუალებები, რომელთაც თავიანთი სადეზინფექციო მოქმედების შენარჩუნება რამდენიმე დღის და თვის განმავლობაშიც კი შეუძლიათ. ასევე ბაზარზე გამოჩნდა ჰაერის გამწმენდი და სავენტილაციო სისტემები, რომლებიც ვირუსების და ბაქტერიების მოსპობის ეფექტური საშუალებებია.

  1. 5. დაავადებებთან მიმართებაში წინდახედულობის შენარჩუნება:

COVID-19-ის გავრცელების შეჩერებასთან ერთად ინფექციური დაავადებების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის შემცირებაა მოსალოდნელი. ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დროს ტოკიო მთელი მსოფლიოდან უზარმაზარი რაოდენობის ხალხის ჩამოსვლას ელოდება. გამომდინარე იქიდან, რომ ისეთი ინფექციური დაავადებები როგორიცაა გრიპი, დენგეს ცხელება, წითელა და ა.შ. დღემდე სხვადასხვა რეგიონების აქტიურ საფრთხედ რჩება, ხოლო ამ რეგიონებიდან თამაშების მონაწილეები იაპონიაში ჩამოვლნენ, ქვეყნისთვის ინფექციების გავრცელებასთან ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი დგება.

  1. 6. გვახსოვდეს სხვა ინფექციური დაავადებები:

ახალი კორონავირუსის გარდა, ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპირი თამაშების წინ მნიშვნელოვანია სხვა ინფექციურ დაავადებებზე ყურადღების გამახვილება. ინფექციების გავრცელების რისკი ასვე იზრდება სტიქიური უბედურებების დროს. მაგ. მიწისძვრები, ტაიფუნები და წყალდიდობები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლებში ხდებოდა.

  1. 7. ინფექციის პროფილაქტიკისთვის საჭირო საქონლის მომარაგება:

ინფექციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია შესაბამისი ნივთების მომარაგება. ზუსტად ისევე, როგორც ეს სტიქიური უბედურებების წინ მოსამზადებლად ხდება. საუბარია – ნიღბებზე, სადეზინფექციო საშუალებებზე, საპონზე, პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე, სველ (სპირტშემადგენელ) ხელსახოცებზე, ასევე სადეზინფექციო ხელსახოცებზე. ეს რჩევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვანი ხალხისთვის, ბავშვებისთვის და სხვა იმ პირებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან სტიქიური უბედურებების შემდეგ. მითუმეტეს თუ ისინი სხვა ადამიანებთან ერთად ევაკუაციის ცენტრებში იმყოფებიან. COVID-19-ის ეპიდემიის აფეთქების შედეგად ასეთი ნივთები მოცემულ მომენტში მაღაზიებში ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, ამიტომ უმჯობესია მათი მომარაგება, როდესაც ეს მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

სურათზე: (მარცხნივ) კაკუ მიცუო, ტოჰოკუს უნივერისტეტის მედიცინისა და ფარმაცევტიკის ფაკულტეტის განსაკუთრებულად დანიშნული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, და კუნიშიმა ჰიროუკი – წმ. მარიანას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,  „ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების სტრატეგიული საბჭოს 2020“ 10 თებერვლის ტოკიოს პრეს-კონფერენციაზე.

„ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების სტრატეგიული საბჭოს 2020“ თავმჯდომარე, კაკუ მიცუო თებერვლის პრეს-კონფერენციაზე შემდეგი გზავნილით გამოვიდა: „ახალ კორონავირუსზე ინფორმაციამ, მითუმეტეს ამ ინფექციის იოკოჰამას მახლობლად მდგარ კრუიზულ ლაინერ Diamond Princess-ზე აფეთქების შესახებ ინფორმაციამ სხვა ინფექციური დაავადებები დაჩრდილა. არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ამ ზამთარს აშშ-ში სეზონური გრიპით 22 მლნ-დე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 12 000. წინა წელს იაპონიაშიც 3325 სიკვდილი დაფიქსირდა“. კაკუმ საზოგადოებას ინფექციური დაავადებების პრობლემის შესახებ ინფორმირებულობისაკენ მოუწოდა და სთხოვა ეს პრობლემა მხოლოდ მთავრობას, ან სხვა ადამიანებს არ მიანდონ.