ვაქცინაცია იაპონიაში

იაპონიაში კორონავირუსის ვაქცინაციის ნელი ტემპი იმედს იმედგაცრუებად აქცევს

საგანგებო რეჟიმის მოხსნისა და მოახლოებული ოლიმპიადის პარალელურად, კიდევ უფრო ინტენსიურად ხდება ცვლილებების მოთხოვნა

მიცურუ ობე

23 მარტი, 2021 06:05 JST

ტოკიო – ტოკიოში მარტის მზიანი შუადღე იდგა და, ერთი შეხედვით, კოტოენის ხანდაზმულთა პანსიონატშიც მსგავსად ნათელი ატმოსფერო სუფევდა. დაახლოებით 40 ასაკოვანი ადამიანი ლანჩისა და აბაზანის მიღების შემდეგ თამაშებს თამაშობდა, მაგრამ კეიკო სუგიმ, ვინც ქალაქის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ნაწილში – ედოგავაში არსებულ ამ დაწესებულებას უძღვება, თქვა, რომ ზოგიერთი მუდმივი სტუმარი დაწესებულებას არ სტუმრობდა კოვიდ-19-ის შიშის გამო.

“ბევრი ხანდაზმული სახლშია გამომწყვდეული, სუსტდება და დეპრესიული ხდება,” – თქვა მან. სუგიმ დაარწმუნა ისინი, რომ სოციალიზაციას შეძლებენ როგორც კი აიცრებოდნენ. თუმცა, ლოდინი, ნელ-ნელა უსასრულოდ იწელება.
პრემიერ მინისტრის იოშიჰიდე სუგას მთავრობა ამბობს, რომ ვაქცინის დოზები ქვეყნის 36 მილიონი ხანდაზმული ადამიანისთვის ივნისის ბოლომდე იქნება. სუგი შიშობს, რომ კიდევ სამთვიანმა გაურკვევლობამ ზოგს შეიძლება ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევისკენ უბიძგოს და უთითებს, თუ რაოდენ გაიზარდა თვითმკვლელობათა რიცხვი იაპონიაში ბოლო წელს – პირველად 11 წელიწადში.
“სახელმწიფოს არ ეტყობა, იაზრებდეს რამდენად გადაუდებელია ეს საქმე,” – თქვა მან.

ვერ უარვყოფთ, რომ იაპონიის ვაქცინაციის ტემპი სხვა ქვეყნებისაზე უფრო ნელია. ბოლო პარასკევის მონაცემებით, პოპულაციის 100 ადამიანზე მხოლოდ 0.46 დოზა იყო გაცემული, ვებგვერდ Our World in Data-ს სტატისტიკის თანახმად. ეს ჩამორჩება 1.32-ს სამხრეთ კორეაში, 2.69-ს ინდონეზიაში, 12-ს საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში. აზიაში ლიდერობს სინგაპური 13.54-ით, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები 35.38-ით და ისრაელი, მოწინავე პოზიციაზე, 111.68-ით არიან.

კოტოენის ხანდაზმულთა პანსიონატის ხელმძღვანელი, კეიკო სუგი ამბობს, რომ ზოგიერთი მუდმივი სტუმარი თვითიზოლაციაში იმყოფება კოვიდ-19-ის შიშის გამო. (ფოტოს ავტორი: Yuki Kohara)

იაპონიის აუჩქარებელი ტემპი, ნაწილობრივ, კავშირშია კოვიდ-19-ის შედარებით მსუბუქ ვითარებასთან – ყოველკვირეული საშუალო მონაცემი 1200-ია. თუმცა, შესაძლებლობის ფასია განსახილველი. მაგალითად, ისრაელის სწრაფი აცრები უკვე იძლევა შედეგს და ქვეყანა ამცირებს ღონისძიებებზე და სხვა ეკონომიკურ აქტივობებზე შეზღუდვებს თავისი ვაქცინაციის დამადასტურებელი მწვანე ბარათის სისტემით.

მიუხედავად იმისა რომ მთავრობამ ტოკიოში საგანგაშო მდგომარეობა კვირა დღეს მოხსნა, ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ მყოფი რესტორნების სექტორი შედარებით მოშვებული შეზღუდვების გავლენის ქვეშ იმყოფებიან და ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ თამაშები უცხოელი დამსწრეების გარეშე ჩაეტარებინათ.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, იაპონია ინფექციური დაავადებების მრუდზე, ზოგადად, უკანაა, და, ვარაუდობენ, რომ რისკების კულტურულმა არიდებამ შესაძლოა პირიქით – შექმნას ისინი. გარკვეულწილად, კორონავირუსის ვაქცინაცია შეიძლება იყოს მცირე ნაწილი იმ მასშტაბური პრობლემებისა, რომლებიც უფრო გადაუდებელი ხდება ქვეყნის მოსახლეობის ასაკში შესვლის პარალელურად და მოიცავს დიდი რაოდენობით უცხოელ მომუშავეს..

კოტოენში, სუგი მიადგა ექვსი ქალისგან შემდგარ ჯგუფს. ისინი ბეჭდის გადაგდებას თამაშობდნენ და ჰკითხა, სურდათ თუ არა კოვიდ-19-ის აცრა. ხუთმა მათგანმა დადებითი პასუხი გასცა, ერთს კი გაუჭირდა შეკითხვის გაგება. ერთმა თქვა, აცრა სჭირდებოდა, რათა გაეგრძელებინა ჯანსაღად ცხოვრება. სხვამ, რომელიც მარტო ცხოვრობს, თქვა, რომ თუ ის ავად გახდებოდა, ვაჟიშვილს მოუწევდა მისი მოვლა და დამატებით პრობლემას შექმნიდა ამით.

ომვლელები უბრალოდ შფოთავენ. “რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც ავიცრათ მედიცინის მუშაკებთან ერთად?” იკითხა სუგიმ.

მან ახსნა, რომ 30 მომვლელი ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომელიც “ინეფქციის დიდ რისკს მოიცავს”. ისინი ეხმარებიან ხანდაზმულებს ჭამაში, ბანაობასა და ტუალეტის გამოყენებაში. ხანდაზმულთა დღის პანსიონატში, 6 ან 7 ადამიანი ყოველდღიურად 20 ან მეტ ადამიანს აბანავებს. ზოგი სახლში მიდის გამოძახებაზე და იქ აბანავებს.

4.7 მილიონი მედიცინის მუშაკის აცრა ამ თვეში დაიწყო, მომვლელები, 36 მილიონი ხანდაზმული და ქრონიკული დაავადების მქონე 8.2 მილიონი ადამიანი მათ უნდა დაელოდონ.

კენტარო ივატამ, კობეს უნივერსიტეტის სამედიცინო სადოქტორო სკოლის პროფესორმა, თქვა, რომ რეალურად ჯანდაცვის ბევრ მუშაკს, ვინც კორონავირუსის შემთხვევებთან მუშაობს, იძულებით მოცდა მოუწია.

“იაპონია მხოლოდ მაშინ პასუხობს კრიზისს, როცა ხდება,” თქვა ივატამ, 11 ადამიანისგან შემდგარი უნივერსიტეტის საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების განყოფილების გუნდის ხელმძღვანელმა. “მათ უნდა გაითვალისწინონ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში და პროაქტიული ნაბიჯები გადადგან.”

მან აღნიშნა ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამის სხვა პრობლემებიც, მაგალითად იაპონური ენცეფალიტის, კოღოთი გადამდები ვირუსისგან გამოწვეული ტვინის ინფექციის, შემთხვევა. ბავშვების აცრა სტანდარტული პრაქტიკაა, მაგრამ არაიაპონელი მოსახლეობა, რომელიც იაპონიაში ზრდასრულ ასაკში ჩამოდის, დაუცველები რჩება.

რადგანაც მიზანია მშრომელთა სიმცირის პრობლემის გადაჭრა, “იაპონიამ ბოლო დროს დაიწყო (მეტი) უცხოელთა მიღება და ჯერ არ აქვს სტრატეგია, როგორ დაიცვას ისინი ინფექციური დაავადებებისგან,” აღნიშნა ივატამ.

პროაქტიულობის ერთ-ერთი გზა, აღნიშნა მან, იქნებოდა, რომ ინფექციური დაავადებების სპეციალისტების პოლიტიკურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია ჩამოყალიბებულიყო, როგორც, მაგალითად, დაავადების კონტროლისა და პრევენციის ამერიკული ცენტრები. მსგავსი ერთობა მოახდენდა სხვადასხვა პოპულაციური ჯგუფებისთვის საჭირო ვაქცინების იდენტიფიკაციას, აცრის სამიზნეების განსაზღვრას და ამ სამიზნეებისთვისავე განსაზღვრული სტრატეგიების შექმნას.

 


კენტარო ივატა იღებს პფაიზერის კოვიდ-19-ის დოზას 11 მარტს (კენტარო ივატას ფოტო)

მაგრამ შესაძლოა არსებობდეს სიღრმისეული ფაქტორები, რაც იაპონიას ხელს უშლის მეტად აგრესიული ქმედების განხორციელებაში.

იაპონიას ერთ დროს ვაქცინაციის სავალდებულო პროგრამა ჰქონდა, რომელიც ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, როცა ინფექციური დაავადებები ფართოდ იყო გავრცელებული. გადამწყვეტი მომენტი 1970 წელს დადგა, როცა მთავრობა ზოგიერთი ვაქცინის მიერ გამოწვეული პრობლემების კოლექტიური სარჩელის წინაშე აღმოჩნდა.

1994 წელს იაპონიამ გადახედა ამ მიდგომას და ვაქცინაცია ნებაყოფლობითი გახადა. დღეს, რამდენიმე ვაქცინა ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, მაგრამ იმუნიზაციის პროგრამა არც გაფართოებულა და არც იმდენად ფართოდ გაპიარებულა, როგორც სხვა ქვეყნებში, მიუხედავად ბევრი ახალი ინფექციური აფეთქებისა.
კორონავირუსის ვაქცინების ნელი შემოტანა ასახავს ქვეყანაში არსებულ, რისკის ამრიდებლობის ბუნებას, ამბობენ ექსპერტები. “იაპონელები რისკებზე უფრო მეტად კონცენტრირდებიან, ვიდრე ჯილდოზე,” თქვა კაზუაკი ჰაშიგუჩიმ, Daiwa Securities-ში მომუშავე მედიკამენტების ანალიტიკოსმა.

მან დასძინა, რომ იაპონელები ჩვეულებრივ “უპირატესობას ანიჭებენ წამლებს, რომლებიც უსაფრთხოა, მაშინაც კი, თუ ისინი ნაკლებ ეფექტურია. ამერიკაში ხალხი ანიჭებს უპირატესობას წამლებს, რომლებიც ეფექტურია, მაშინაც კი თუ მათ გარკვეული გვერდითი ეფექტები აქვთ.”


ჰისაშიგუჩიმ ჩამოთვალა რამდენიმე მიდგომა, რითაც იაპონია ართულებს კოვიდ-19-ის მსგავს დაავადებებთან ბრძოლის შესაძლებლობას.

“მედიკამენტების შემქმნელები შიშობენ ვაქცინის შექმნამდე პანდემიის დამთავრების რისკზე” თქვა მან, და “როცა ქვეყანას იწვევენ გლობალურ კლინიკურ საცდელ ფაზაში მონაწილეობისთვის, მთავრობა ბევრ დაბრკოლებას უქმნის კვლევებს, რაც აფერხებს მედიკამენტების შემქმნელებს.”

როცა ვაქცინა შეიქმნება, ბევრი ქვეყანა მას შიდა კლინიკური ცდის ფაზის გარეშე დაამტკიცებს, მაგრამ იაპონია დაჟინებით ითხოვს თავისი საცდელი პერიოდის ჩატარებას, რაც “მედიკამენტების შემქმნელებს სხვა ქვეყნებისკენ უბიძგებს, სადაც უფრო მარტივია წვდომა.”

კორონავირუსის ვაქცინის დოზების ადმინისტრირებისთვის, მან განმარტა, რომ ამერიკა დამოკიდებულებია ექთნებზე, ფარმაცევტებზე და სამედიცინო სკოლის სტუდენტებზე, მაგრამ იაპონიაში, ინექციები ექიმების მიერ უნდა გაკეთდეს.
ამასთანავე, იაპონიის ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც წესი, ელოდება ზუსტ ცოდნას ვაქცინის დოზებისა და თარიღის შესახებ, სანამ ვაქცინაციის გეგმას გამოუშვებს,

ტოკიოს მგზავრები 22 მარტს: იაპონიას ერთხელ ვაქცინაციის სავალდებულო პროგრამა ჰქონდა, მაგრამ აცრები ნებაყოფლობითი 1994 წელს გახდა (ფოტოს ავტორი: Yo Inoue)

იაპონიის ფარმაცევტული კომპანიები “უტევენ” მთავრობას, რომ მან მიიღოს “საგანგებო მდგომარეობის დროს გამოყენების ავტორიზაციის” სისტემა, როგორიც ამერიკამ გამოიყენა პფაიზერ-ბიონტექის კორონავირუსის ვაქცინისთვის წინა წელს. რამდენიმე ადგილობრივი მოთამაშეც ქმნის თავიანთ კოვიდ ვაქცინებს, მაგრამ დგებიან მასშტაბური, ათობთ ათასი მონაწილის მომცველი კლინიკური ცდის ჩატარების პრობლემის წინაშე, რაც კიდევ უფრო რთული ხდება ინფექციათა კლებისას.

ოსაკაში დაფუძნებული Shionogi ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც კანონის ცვლილებას ითხოვს. მათ ვაქცინის დეველოპერი 2019 წელს მოიპოვეს და გრიპის ვაქცინაზე მუშაობას აპირებდნენ როცა პანდემია დაიწყო. პრობლემის გადაჭრის გზა მათ შემდეგნაირად იპოვეს: კოვიდ ცილის გენის ჩასმა მწერის ვირუსში და გამრავლება მწერის სხეულში – ტექნიკა, რომელიც გრიპის ვაქცინებისთვის გამოიყენება და მიღებულია მათი კონკურენტების, როგორებიცაა, ნოვავაქსის და სანოფის მიერ.

Shionogi-მ დაიწყო კლინიკური მცირემასშტაბიანი ცდის ჩატარება დეკემბერში და გაფართოებისთვის ემზადება. მაგრამ, კომპანიის წარმომადგენელი დაჟინებით ამტკიცებს, რომ უფრო მოქნილი დამტკიცების სისტემა სასწრაფოდ საჭიროა. მათი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ვაქცინის არსებობა სასიცოცხლოა, რადგანაც იაპონია ვერ გათვლის

ხელმისაწვდომ უცხოურ მარაგებზე და არსებობს ვირუსის უნიკალური, იაპონური შტამის საფრთხეები.

ფარმაცევტულ კომპანიებს სურთ, რომ იაპონიამ მიიღოს “საგანგებო მდგომარეობის დროს ავტორიზაციის” სისტემა, როგორიც ამერიკამ გამოიყენა პფაიზერ-ბიონტექის ვაქცინისთვის. (Pool Photo)

მეორეს მხრივ, ვაქცინების გამოჩენილი სკეპტიკოსებიც იმაღლებენ ხმას. ერთ-ერთია კეიკო მორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის ინფექციური დაავადებების კვლევათა ყოფილი ხელმძღვანელი. მორიმ გამოაქვეყნა წიგნები ვაქცინაციის რისკების შესახებ და 86 წლის ასაკში მუშაობს მოხალისე ჯგუფებთან ერთად ცნობიერების ასამაღლებლად.

“კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხი ძალიან დაინტერესდა ვაქცინებით,” თქვა მან. “ინდივიდებზე უნდა იყოს დამოკიდებული გადაწყვიტონ, აიცრებიან თუ არა, მაგრამ არ დააძალოთ ეს იმ ადამიანებს, ვისაც არ სურთ.”

ნამდვილად, მთავრობა არავის აძალებს, აგრესიული პიარ-კამპანიისგან თავს იკავებს და უბრალოდ ამბობს, რომ ვაქცინა იქნება უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ასევე, მთავრობამ დადო პირობა, გადაიხადოს 42.2 მილიონი იენი (387 000 დოლარი) კომპენსაციის სახით, თუ ვინმე ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვლება. თუმცა, ვაქცინაციის მომხრეებს ეშინიათ, რომ სარჩელის შიში და კრიტიკოსების მოწოდებები კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ვაქცინაციის პროცესსა და განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკას შეზღუდავს.

კობეს უნივერსიტეტის ივატას მსგავსი ექსპერტები ამბობენ, რომ საგანმანათლებლო წყაროები უმთავრესია საპასუხო რეაქციის გაუმჯობესებისთვის. მან თქვა, რომ საზოგადოებრივი წიგნიერება ინფექციური დაავადებების შესახებ უმჯობესდება, თუმცა, ნელა. “გრძელი გზაა გასავლელი,” თქვა მან. “უბრალოდ ჩვენი ძალისხმევის შენარჩუნება უნდა მოვახერხოთ”

ამასობაში, ბევრია აცრის მსურველი – კოტოენის მომვლელებიდან დაწყებული, საზოგადოებით დამთავრებული. ადგილობრივი ხელისუფლების ზედა ეშელონის წარმომადგენლები მოთმინებისკენ მოუწოდებენ ხალხს.

ედოგავას მერმა ტაკეში საიტომ თქვა, რომ ოლქის

ახალი ცხელი ხაზი, რომელიც 1 მარტს ჩამოყალიბდა, ყოველდღიურად დაახლოებით 20-ჯერ იღებს მოქალაქეებისგან კითხვას, ვაქცინის ხელმისაწვდომობისა და ვაუჩერების შესახებ.

ჩვეულებრივი ხალხისთვის აცრები დაიწყება ზაფხულის არდადეგების პერიოდში,” თქვა საიტომ.

ედოგავა ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოლქია 700 000 მაცხოვრებლით. ის გადატვირთულია კოვიდ-19-თან დაკავშირებული სამუშაოთი: ახალი შემთხვევების კონტროლითა და თვალყურის დევნებით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცემული ნაღდი ფულის დარიგებით, საგანგებო სესხების შეთავაზებით ოჯახებისა და მცირე ბიზნესებისთვის. მალე, აღნიშნა საიტომ, ედოგავამ “უნდა გაუწიოს მონიტორინგი 700 000 ადამიანის ვაქცინაციას.”

 

კოტოენის ხანდაზმულთა პანსიონატი ტოკიოს ედოგავას ოლქში მდებარეობს, ოლქის გამოწვევა კი 700 000 მაცხოვრებლის აცრის კონტროლია. (ფოტოს ავტორი: Yuki Kohara)

მან ხაზი გაუსვა, რომ ციფრული სისტემაა ამის გასაკეთებლად საჭირო და ყურადღება გაამახვილა ისრაელის ტექნოლოგიით განპირობებულ წარმატებაზე. “ეს ხელით ვერ გაკეთდება,” თქვა მერმა.
კიდევ ერთი გამოწვევაა, უცხოელი რეზიდენტების უზრუნველყოფა. ოლქის 37 000 მაცხოვრებელი საზღვარგარეთიდანაა შემოსული – ეს რიცხვი ტოკიოს ოლქებს შორის მეორეა სიდიდით. საიტომ თქვა, რომ ოლქი ამზადებს აცრის ინსტრუქციებს 4 ენაზე – ინგლისურზე, ჩინურზე, კორეულსა და ვიეტნამურზე და სთხოვს ტოკიოს მუნიციპალურ მთავრობას მრავალენოვანი სამედიცინო კითხვარის მომზადებას.

შემდეგი თებერვლის ბოლოსთვის, პრემიერ-მინისტრი სუგას მიზანია 16 წელზე უფროსი ადამიანების ვაქცინაციის დასრულება. მის მთავრობაზე მიიჩნევა, რომ გეგმავენ მოსახლეობის 65%-ის აცრას, რაც აჭარბებს გრიპის აცრის 50%-ს. საიტო ფიქრობს, რომ რიცხვმა შეიძლება 80%-საც მიაღწიოს, მაგრამ ამბობს, რომ “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზული იქნება გვერდითი ეფექტები.”

“ხანდაზმულებს თავიანთი სამეგობრო წრე ჰყავთ. მათ შორის არსებული ვერბალური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა კრიტიკულ როლს ითამაშებს, ” თქვა მან. “თუ დაინახავენ, რომ ბევრი ადამიანი იცრება, ისინიც ასე მოიქცევიან. თუ გაიგებენ გვერდითი ეფექტების შესახებ, თავს შეიკავებენ.”

ინგლისურიდან თარგმნა: @Nutsa Ninua

სტატიის ორიგინალური ვერსია აქ…